ყველა სიახლე ერთ სივრცეში
ასი პროცენტით ვიცი, რომ მოკლეს - 21 წლის სტუდენტი ორთაჭალაში გარდაცვლილი იპოვეს

21 წლის ინგილო ქართველი სტუდენტი, იმედა გურგენაევი ორთაჭალაში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა 25 მარტს მოხდა. ოფიციალური ვერსიით, ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა "პრაიმტაიმთან" საუბრისას გარდაცვლილის და, დინა გურგენაევა ამბობს, რომ მის ძმას თავი არ მოუკლავს, ამის დასტურად კი რამდენიმე საეჭვო გარემოებაზე მიანიშნებს. "არა ჩემს ძმას თავი არ მოუკლავს. ასი პროცენტით ვიცი, რომ ის მოკლეს.

იმედა თავის ჩამოხრჩობით არ მომკვდარა. მას დახრჩობის არც ერთი ნიშანი არ აღენიშნებოდა. როცა ცხედარი დავათვალიერეთ ბევრი რაღაც აღმოვაჩინეთ. მას თავის უკანა ნაწილში ძვალი დარტყმის შედეგად ჰქონდა ჩამტვრეული. საფეთქელთან უსწორმასწორი თმიანი გაკერილობა ჰქონდა, რომელიც სიკვდილის შემდეგ ექსპერტს თმიანად უბრალოდ ამოუბლანდავს. როცა ადამიანი თავს იხრჩობს ის არ ეძებს სუსტ მავთულს, რომლის უბრალო ჩამოგლეჯით ჩამოწყვეტა შესაძლებელიც იქნება. ის კი სუსტ მავთულზე იყო ჩამიკიდებული, რომელიც აშკარად სიკვდილის შემდეგ იყო მიმაგრებული.

როცა ადამიანი დახრჩობის შედეგად კვდება მას აუცილებლად უნდა აღენიშნებოდეს რამოდენიმე სიმპტომი, მაგალითად ხელის თითებზე თოკის ნიშნები, სახე გალურჯებული და სხვ. მას არც ერთი ასეთი სიმპტომი არ ჰქონდა", - ამბობს "პრაიმტაიმთან" საუბრისას დინა გურგენაევა. ოჯახის ინფორმაციით, იმედა უკონფლიქტო პიროვნება იყო, თუმცა გარდაცვალებამდე დას რესტორანში მომხდარი კონფლიქტის შესახებ უამბო. იმედა, სწავლის პარალელურად ერთ-ერთ რესტორანში მუშაობდა.

"როცა ვკითხე რაზე იკამათეთქო მითხრა - რაღაც გამონაყარი მქონდა და მენეჯერს დავეთხოვე, სახლში წამოვედიო. მერე როცა მივედი სამსახურიდან განთავისუფლებულიხარო. მიზეზი რომ ვკითხეო, მითხრა სამუშაო საათებში რა უფლებით წახვედი სახლშიო, მერე ხელფასიც ჩამომაჭრაო და ამაზე ვიჩხუბეთო", - იხსენებს ძმის სიტყვებს დინა გურგენაევა.

იმედა გურგუნაევი 28 მარტს საინგილოში, ბელაქნის რაიონის სოფელ ითითალაში დაკრძალეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "პრაიმტაიმს" განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

(პრაიმტაიმი)

ასევე გირჩევთ:
დატოვეთ კომენტარი
დიზაინი დამზადებულია სპეციალურად SIAXLE.RU-სთვის.