» » "ანუკის მილანში შევხვდი პირველად და..." - ამას ვერ წარმოიდგენდით, ნახეთ რით მოხიბლა 10 წლის წინ 19 წლის მოდელმა კახი კალაძე

"ანუკის მილანში შევხვდი პირველად და..." - ამას ვერ წარმოიდგენდით, ნახეთ რით მოხიბლა 10 წლის წინ 19 წლის მოდელმა კახი კალაძე

15 March 2019, Friday
672
0
0
Loading...

თბილისის მერი კახი კალაძე და მისი მეორე ნახევარი, დიზაინერი ანუკი არეშიძე რამდენიმე თვის წინ მეოთხე ვაჟის მშობლები გახდნენ. ნიკოლა 4 სექტემბერს პარიზის სამშობიაროში გაჩნდა. ბედნიერმა მამამ და სამმა უფროსმა ძამიკომ – ლევანმა, კახიმ და ვაჩემ – კლინიკაში ერთად მოინახულეს ახალშობილი და ანუკი. ბედნიერი ოჯახის ფოტოები მალევე გამოქვეყნდა სრციალურ ქსელში.

კახი კალაძემ თავისი ემოციებიც საჯაროდ გაუზიარა საზოგადოებას:
“ჩვენი სიყვარული და სიხარული გაჩნდა დღეს, დიდი ოჯახის პატარა წევრი – ნიკოლა. ანუკი, ბიჭები და მე დიდ მადლობას გიხდით ყველას გულშემატკივრობისთვის და ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის! ჩემი გმირები – ანუკი და ნიკოლა თავს კარგად გრძნობენ”.

ოჯახი, სადაც უკვე ოთხი ბავშვი იზრდება, 2008 წელს შეიქმნა. კახის და ანუკის სიყვარულის ამბავი იტალიაში, მილანში დაიწყო. მაშინ ანუკი უკვე წარმატებული მოდელი იყო, კახი – ფეხბურთის ვარსკვლავი. “სარკის” არქივში ინახება 2009 წელს ჩაწერილი ინტერვიუ, სადაც კახი კალაძე ახალშერთულ ცოლზე, თავის სიყვარულზე საუბრობს. ამ დროს წყვილი პირველი შვილის მოლოდინში იყო.



ცნობილი ფეხბურთელი კახი კალაძე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მთელ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ალბათ ერთ-ერთ სასურველ სასიძოდ ითვლებოდა. მშობლები უკვე დაჟინებით მოითხოვდნენ მისგან, ოჯახს მოკიდებოდა, მაგრამ კახი არ ჩქარობდა. სიყვარული სრულიად მოულოდნელად დაატყდა თავს და რამდენიმე თვის წინ ცოლი მოიყვანა. მისი რჩეული გახდა ქართველი მოდელი ანუკი არეშიძე, რომელთან შეხვედრასაც კახი ბედისწერას უკავშირებს.

როგორ გაიცნეს კახიმ და ანუკიმ ერთმანეთი, რატომ მოაწერეს ხელი ჩუმად მაშინ, როცა მათ ჯვრისწერას და ქორწილს მთელი საქართველო მოუთმენლად ელოდა, როგორია დღეს წყვილის ოჯახური ცხოვრება – ამ და სხვა საინტერესო თემებზე “სარკის” მკითხველს თავად კახი კალაძე უამბობს.

– კახი, გახსოვთ თქვენი გაცნობის დღე?
– ანუკის 2008 წლის 12 იანვარს მილანში შევხვდი პირველად. იმ დღეს ერთად ვივახშმეთ და მაშინ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.

– შემთხვევით შეხვდით?
– არა. ჩემი ოჯახის ახლობლებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ მათი ახლობლის შვილი იყო იტალიაში ჩამოსული, მთხოვეს, ყურადღება მიმექცია. ანუკი უცხო ქალაქში პირველად იყო, არავის იცნობდა. როგორც ქართველი ქართველს დაეხმარება, ისე მოვიქეცი. მილანში ასეთი შემთხვევა ბევრჯერ ყოფილა – ჩამოსულა ქართველი და დახმარების ხელი გამიწვდია. ჩემი და ანუკის ურთიერთობა კი სიყვარულში გადაიზარდა.

– ალბათ თავიდანვე მოგეწონათ ეს ლამაზი გოგო.
– თავიდან არც ერთი ვფიქრობდით, რომ ჩვენ შორის რაიმე გრძნობა გაჩნდებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანობაა. შეიძლება იყო ლამაზი, მაგრამ ურთიერთობაში ყველაზე მთავარი შინაგანი სამყაროა.

– რითი შეგაყვარათ თავი?
– თავისი უბრალოებით, კეთილშობილებით და სუფთა სულით. ვინც ანუკის კარგად იცნობს, ყველამ იცის, როგორი ადამიანია. ჩემი მეუღლეა და მისი ქება არ მინდა. არ ვიყავი განწყობილი, რომ აუცილებლად ოჯახი შემექმნა და ძიება არ დამიწყია. ყველაფერი თავისთავად, ბუნებრივად მოვიდა ისე, რომ არც ველოდი. ჩემთვისაც და მათთვისაც, ვინც მე კარგად მიცნობს, გასაკვირი აღმოჩნდა.

ერთადერთი, რაც გულით და სულით მინდოდა, ის იყო, რომ ქართული ოჯახი შემექმნა და ისეთი ადამიანი შემხვედროდა, ვისთანაც მთელ ცხოვრებას უპრობლემოდ გავატარებდი. ახლა უფლის მადლობელი ვარ, რომ ანუკის შევხვდი და თანაც არა საქართველოში, არამედ იტალიაში. ბედისწერის მჯერა.

საქართველოში დავიბადე, გავიზარდე და ჩემთვის მნიშვნელოვანი ქართული ოჯახის შექმნა იყო. საქართველო ჩემთვის უპირველესია და მინდოდა, ნამდვილი ქართველი შვილები მყოლოდა.

– თორემ იტალიელებსაც ლამაზი ქალები ჰყავთ, არა?
– იტალიელები მართლაც ლამაზი ერია. უყვართ თავის მოვლა, ქალებსაც და მამაკაცებსაც. მართლაც ლამაზი მანდილოსნები ჰყავთ, მაგრამ ჩვენი მენტალიტეტი ევროპისგან განსხვავებულია. ოჯახს ერთი-ორი თვით ხომ არ ქმნი, მთელი ცხოვრება უნდა იცხოვრო ადამიანთან, რომელსაც შეეწყობი ხასიათით, მენტალიტეტით. როცა მენტალიტეტი ერთნაირია, უფრო ადვილია ცხოვრება. ქართველი ქალი მაინც სულ სხვაა.

– ანუკი რატომ იყო იტალიაში ჩამოსული?
– სამოდელო საქმიანობის გამო. თვეების განმავლობაში იტალიაში მუშაობდა. ყოველდღე დაკავებული იყო და საღამოობით ვახშამზე ვხვდებოდით ხოლმე.

– თქვენს ქორწილზე წინასწარ ლეგენდები დადიოდა. ამბობდნენ, რომ სამტრედიაში თქვენ მიერ აშენებულ ეკლესიაში უნდა დაგეწერათ ჯვარი, ყველა ელოდა პატარძლის გრანდიოზულ კაბას და ა.შ. თქვენ კი ყველაფერი უხმაუროდ გააკეთეთ.

– ქორწილი საქართველოში გვქონდა დაგეგმილი. ჯერ სექტემბრის თვეში ვფიქრობდით, მერე – ახალი წლისთვის, მაგრამ გადავიფიქრეთ. ძირითადი მიზეზი კი საქართველოში აგვისტოს თვეში მომხდარი მოვლენებია. უამრავი ბიჭი დაიღუპა, ადამიანები უსახლკაროდ დარჩნენ, დიდი ტკივილი გადავიტანეთ, ამიტომაც ჩემი მხრიდან ლამაზი არ იქნებოდა ქეიფი.

განსაკუთრებული ქორწილის გადახდა არც მინდოდა. ჩემ ირგვლივ სულ არის ხოლმე შექმნილი ისეთი აჟიოტაჟი, რომელიც რაღაცით გამომარჩევს. ამ დროს ჩვეულებრივი, ტრადიციული ქორწილის გადახდას ვაპირებდით. ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, სულ დაკავებული ვარ და ამიტომაც გადავწყვიტეთ, იტალიაში მოგვეწერა ხელი.

– პრესაში დაიწერა, რომ ხელი საქართველოს საელჩოში მოაწერეთ.
– არა, რა საელჩოში?! ცოტა ხნის წინ ერთ გაზეთში ვითომ ჩემი ინტერვიუ დაბეჭდეს. ეს ხშირად ხდება საქართველოში და ალბათ ჩემი ბრალია, რადგან პასუხს არ ვთხოვ ხოლმე. ვითომ მე მივეცი ინტერვიუ და სისულელეებს წერენ. სამარცხვინოები არიან!

– როგორ, ინტერვიუ არ მიგიციათ?! აბა, რა დაბეჭდეს?!
– რატომ გაგიკვირდათ, ეს პირველად გაიგონეთ?! ვინც მიცნობს და იცის, როგორი ვარ, მაშინვე მიხვდებოდა, რომ ჩემი სიტყვები არ იყო.

ვინ აწერს ხელს საელჩოში?! ჩვეულებრივ, სადაც ხელისმოწერა ხდება, იქ მივედით. როგორც თბილისშია ქორწინების სახლი, ისეა აქაც. მხოლოდ მე და ანუკი ვიყავით. სრულ სიწყნარეში მოვაწერეთ ხელი, საერთოდ არავინ იცოდა. არც ჟურნალისტები ყოფილან და არც – პაპარაცები. ჩემმა თანაგუნდელებმაც კი არ იცოდნენ. მერე ეს ყველამ პრესით გაიგო. ჯვრისწერას საქართველოში ვაპირებთ, მაგრამ როდის და სად, ჯერ ვერ გეტყვით.

– ორივენი საქართველოს მოქალაქეები ხართ?
– მე იტალიაში ვარ ჩაწერილი, მაგრამ ორივენი საქართველოს მოქალაქეები ვართ.

– როგორია თქვენი სახლი მილანში?
– საკუთარი ბინა მაქვს, სამი საძინებელია და ერთი დიდი მისაღები. ახლა იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

– მოგწონთ ცოლიანი კაცის ცხოვრება?
– სახლში რომ შევდივარ, ყველაზე დიდ კომფორტს ანუკის დანახვა მიქმნის. მე ისეთი პროფესია მაქვს, სახლში იშვიათად ვარ და თავისუფალი დროც იშვიათად მაქვს. ვცდილობ, ანუკისთან ხშირად ვიყო. ლოდინი რთულია და არ არის ადვილი, იყო ფეხბურთელის მეორე ნახევარი. ოჯახს სითბო სჭირდება.

ანუკი წმინდა სულის, ბავშვური ხასიათის ადამიანია. ასაკითაც დიდი არ არის, ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ ყველაფერი კარგად ესმის და ყველანაირად მიგებს. უკვე კარგა ხანია ერთად ვართ და ისეთი არაფერი ყოფილა, რის გამოც რაიმე უთანხმოება მოგვივიდოდა და ვფიქრობ, ასეთი არც იქნება.

– ანუკი ორსულად ყოფილა. მომავალი ბავშვის სქესი უკვე იცით?
– არა, ჯერ არ ვიცით, რადგან ძალიან პატარაა.

– ისე ვინ გინდათ?
– სიმართლე გითხრათ, არც მიფიქრია მაგაზე. მთავარია, ჯანმრთელი დაიბადოს.

– პატარა კალაძე იტალიაში დაიბადება თუ საქართველოში?
– იტალიაში.

– როგორია იტალიაში თქვენი ოჯახური ცხოვრება?
– უკვე 13 წელია, საქართველოში არ მიცხოვრია. ხანდახან ქართულად საუბარიც კი მიჭირს ხოლმე. ახლა ანუკისთანაც ვცდილობ, იტალიურად ვისაუბრო. იტალიურს სწავლობს, მისთვის ეს საჭიროა. როცა თავისუფალი დრო მაქვს, მე და ანუკი ვსეირნობთ, კინოში, თეატრში დავდივართ. ლა სკალაშიც ვიყავით. ვერთობით და ვართ ჩვენთვის, წყნარად.

ანუკი ძირითადად სახლშია და აქ მოდიან იტალიურის მასწავლებლები. ინგლისური სრულყოფილად იცის, მაგრამ, რადგან იტალიაში ვცხოვრობთ, აუცილებელია, ეს ენა კარგად იცოდეს.

– როგორი დიასახლისია, ქართული კერძებით განებივრებთ?
– რომ გითხრათ, ქართული კერძების გაკეთებით თავს ვიკლავთ-მეთქი, ასე არ არის. ქართული კერძები მეც მიყვარს და ანუკისაც, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, წონაში არ მოვიმატო. ქართული სამზარეულო კი მოქმედებს წონაზე.

სახლში იშვიათად ვვახშმობთ და ვსადილობთ, ძირითადად ბარში ან რესტორანში გეახლებით. თუ მაინცდამაინც ქართული კერძი მოგვენატრება, ანუკი აკეთებს. ხან დედაჩემს ურეკავს და ეკითხება, რა როგორ გააკეთოს, ხან დედამისს, ან მეგობართან მივდივართ ხოლმე აგარაკზე და იქ ვწვავთ მწვადებს.

– ძალიან პოპულარული სასიძო იყავით. თაყვანისმცემელი ქალები ალბათ ახლაც გყავთ. ანუკის ეს ამბავი ხომ არ აღიზიანებს?
– ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ბევრი თაყვანისმცემელი მყავს როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში, იტალიაში, რუსეთში… არც დამითვლია და ვერც დავთვლი, რადგან ისეთი სპორტით ვარ დაკავებული, ეს ნორმალურია.

ანუკი ნორმალურად ეკიდება ამ საკითხს, იცის, რატომ და რისთვის ხდება ეს. ვფიქრობ, უფრო უნდა იამაყოს, რომ მისი მეუღლე წარმატებული ადამიანია. ვიცი, საქართველოში ბევრს ვუყვარვარ და ჩემით ბევრი ამაყობს. ეს კი ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრეა.

– ცოლთან რომანტიკული ხართ, ლამაზ სიურპრიზებს უკეთებთ მეუღლეს?
– რა თქმა უნდა! მსიამოვნებს, როცა ადამიანს სიამოვნებას ვანიჭებ და ის ამით კმაყოფილია.

Loading...
Комментарии:
ყველა უფლება დაცულია © 2015-2019